Friday, November 18, 2016

გოგონა, მისია და საქმე












    

                             გოგონა, მისია და საქმე
 გოგონა სწავლობდა. მისი ცხოვრება მხოლოდ წიგნებში ამოკითხული მრავალფეროვნებით იყო სავსე. ხან ფერიების ქვეყანაში მოგზაურობდა, ხან დეტექტიური მოთხრობების გმირად წარმოიდგენდა თავს, ხანაც თავგადასავლების მაძიებლად, რომელსაც ბევრი მისია ჰქონდა შესასრულებელი. ერთ მშვენიერ დღესაც გოგონა გაიზარდა და მიხვდა. ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა, გააცნობიერა ერთფეროვანი ცხოვრების საშიშროება, იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა თავისი სამშობლოს მისიონერად ქცეულიყო.
   წავიდა მასწავლებლად ერთ პატარა სოფელში, ასწავლიდა ბავშვებს და გრძნობდა, რომ ცხოვრება მარტო წიგნის მრავალფეროვნებებით არ შემოიფარგლება, ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რეალური მრავალფეროვნებებია, რომელსაც ადამიანი თავისი ქმედებით ქმნის. ზოგს მუსიკის მოსმენა, მზეზე მიფიცხება,გარუჯვა, ზამთრის თბილ ბუხათან ჯდომა უფრო მოსწონს, მაგრამ საკუთარი თავისთვის იმის უკითხავად, რა სარგებლობა მოაქვს სხვებისთვის. რისთვის იღებს ადამიანი ცოდნას? იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს, საქმის კეთება ითაკილოს, თუ თავისი საქმე აკეთოს, ეძიოს რისი კეთება მოსწონს და უნდა.
    გოგონა ასწავლიდა თავის მოსწავლეებს, რომ უნდა ესწავლათ. გოგონას ქმედებით გაკვირვებულნი დარჩნენ ისინი, ამპარტავებისგან გაბღენძილნი რომ დადიან. ჰმ, ქირქილებდნენ ამდენი ისწავლა და „ღრმა სოფელში უბრალოდ ქართულს ასწავლის“.

    მათი შემხედვარე გოგონა  მიხვდა, რომ უფრო მეტად უნდა დააფასოს თავისი საქმიანობა,რადგან ეს კი არ არის უბრალო სოფელში უბრალო მასწავლებლობა ეს მისი პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა. მეტად მიხვდა, რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ თქვას მივაღწიე. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მისთვის ფუფუნებაა უმნიშვნელოვანესი, უბრალოდ, მცდელობაა საკუთარი თავის თვითდამკვიდრებისა.

პირველი ნაბიჯები მასწავლებლობისაკენ
















ახლა შუაღამეა და სიბნელეში  მოვკალათდი ნათელი ფერებით, რადგან ვაპირებ სასიამოვნოდ ვწერო. საიდან შუაღამისას ნათელი ფერები?  ჩემი შინაგანი განწყობიდან, რომელიც მეუბნება რომ უნდა გიამბოთ, უნდა გაგიზიაროთ ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება. ყველაფერს ხომ თავისი დასაწყისი აქვს. დასაწყისს ამბის განვითარება მოსდევს და გრძელდება, გვიამბობს დაუღალავად, რაც სურს რომ გვითხრას. ხან მთვარის შუქს გახედავს, ხანაც საკუთარი ფერების ანარეკლს და საბოლოოდ ისევ განცდებს, ახალ გამოცდილებებს და შთაბეჭდილებებს უბრუნდება.ალბათ მიხვდით, ეს  თეონა მასწავლებელია.(ანუ მე)
 თეონა მასწავლებელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი და საინტერესო ცხოვრება დაიწყო.აზერბაიჯანულ სკოლაში ქართულს ვასწავლი. გამოუცდელი, ახალბედა მასწავლებელი აღმოვჩნდი 15 სექტემბერს პაწაწუნების წინ,რომლებიც იმედის თვალით შემომყურებდნენ. თან მერე როგორი უმანკო მზერა აქვთ. ყველაზე სუფთა და ლამაზი სულის მქონე მტრედები თუ შოშიები, არ ვიცი რომელს შევადარო. მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა გიმზერენ, როცა შენი სჯერათ, როცა უყვარდები, ეს რამხელა სხივია ადამიანის ცხოვრებაში. რაოდენ თბილი და სიყვარულით გამთბარი მზე სახლდება ჩვენს გულებში(სწორედ რომ ეს გამოსცემს ნათელ ფერებს)
 რითი დავიწყე? გამარჯობის სწავლებით არ დამიწყია. ჯერ გადავწყვიტე მათთვის სითბო და ჩემი მეგობრობა შემეთავაზებინა. და იცით, ასე სწავლა გაცილებით იოლი აღმოჩნდა.ყურში მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვები მიტრიალებდა „თქვენ იქ პატარა საქართველო ხართ“ განა ქართველებს მეგობრობა გვეშლება? ქართველებმა სიყვარული არ ვიცით?
   ჩემი საქართველოს პატარა შვილები სწორედ ისინი არიან, ვისაც ქართულს ვასწავლი. მარტო ენას კი არა, ქართულ ტრადიციებს, კულტურას. რომ არა პროგრამა „ ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მეც გამიჭირდებოდა გაგება რა არის საქართველოს ნამდვილი წარმატება. ჩემთვის წარმატებაა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში  თავად აზერბაიჯანელების თანადგომას ვგრძნობ. რომ ეს ერთსულოვანი საქართველოს მყარი საძირკველია.
   მაშინ როცა პატარა ჯავიდს მე ვასწავლე „ცეკვა ქართული“, „სიმღერა ქართული“, მე ვათქმევინე ‘დედასავით შევიყვარეთ, აი ია, აი ია’, ეს ჩემთვის სამუდამო კვალია ნათელი ფერებით. ის, რომ მასწავლებლები ქართული ლექსიკონებით დააბიჯებენ დერეფნებში და მეკითხებიან ქართული ფრაზების მნიშვნელობებს ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ის, რომ ღამეულ ბინდბუნდში მათზე წერა მომინდა, ერთგვარად შედეგია ჩვენი ძლიერი კავშირისა. მე არ მინდა, რომ ეს სითბო ოდესმე დავკარგო, რასაც ჩემს აზერბაიჯანულ ოჯახში ვგრძნობ. „ჰაგათი ჩემი მეორე დედაა“-იმიტომ რომ დედასავით მიდგას მხარში. ნურც გაზვიადებულად მიიღებთ რამეს. ეს ჩემი ფერადი შთაბეჭდილებებია, ყველაზე ღირებული, რაზეც ყველაზე დიდხანს დაუღალავად ვისაუბრებ...


https://www.youtube.com/watch?v=v1EX2ai-yJshttps://www.youtube.com/watch?v=v1EX2ai-yJs