მე- მასწავლებელი
მასწავლებლობა ურთულესი პროფესიიაა. ჩემი ბლოგის შექმნის მიზანია ახალბედა მასწავლებლებს გავუზიარო ჩემი მცირე გამოცდილება ამ სფეროში და მივიღო მათგან რეკომენდაციები. ბავშვები სულის საზრდონი არიან, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მათი კომფორტული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
Friday, February 10, 2017
Monday, November 21, 2016
ჩემი მოსაზრება პედაგოგიკაზე
პიროვნების ფორმირების პროცესი არის ურთულესი და საყურადღებო საკითხი პედაგოგიკაში. პიროვნების ფორმირების პროცესში დიდ როლს თამაშობს აღზრდა, გარემო და გენეტიკა.როგორია
ბავშვის როლი იმ გარემოში სადაც მისი აღზრდა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ასევე საზოგადოებაში
სადაც სიტუაცია ვერ გაკონტროლდება. აქ ერთმანეთის პირისპირ თავად ინდივიდი და საზოგადოებაა.
პიროვნების ფორმირების პროცესში უდიდესი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა
ასაკობრივ თავისებურებებს, რომელთა გაუთვალისწინებლად, აღზრდა, როგორც მიზანმიმართული
პროცესი არ მოგვცემს სასურველ შედეგს. ჯერ კიდევ იდეალისტური მიდგომით, პლატონის თეორიით
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანდაყოლილი იდეების საკითხს. რენე დეკარტესთანაც გვხვდება თანდაყოლილი იდეების
თავისებური თეორია. მატერიალისტური მიდგომით მისი საფუძველია ბიოლოგიური ნატივისტური
თეორია, წარმომადგენლები გახლავთ პერინგი, თორნ დაიკი. პედოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი
წვლილი მიუძღვის ჰოლს. აღსანიშნავია ლოკი თავისი ემპირისტული მიდგომით. მისთვის პიროვნების
ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება გამოცდილებას. მოკლედ, როგორც ვხედავთ, საუკუნეები
და წლები სჭირდება ისეთი ურთულესი საკითხის გაშიფვრას, რასაც პიროვნების ფორმირების
პროცესის ახსნა ჰქვია. მგონია, რომ ერთადერთი საშუალება შედარებით ლოგიკური დასკვნის
გასაკეთებლად თეორიათა ელემენტების გაერთიანებაა. იმიტომ რომ დროის ცვლილებასთან ერთად
მიდგომები გადახალისებას საჭიროებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ცუდია. პირიქით,
არსებულ მაგალითებზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აღმზრდელობითი გარემოს ორგანიზება წინა
საუკუნეებში უფრო ადვილი იყო ვიდრე 21ე საუკუნეშია. თანამედროვე თაობა ნამდვილად რთული
აღსაზრდელია. რა იწვევს ამ პრობლემას? ის,
რომ 21ე საუკუნის მშობლებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მხოლოდ სამსახურში ყოფნა ბავშვთან
მთელი დღე კომუნიკაციის გარეშე. მათ ავიწყდებათ, რომ სასურველი პიროვნების ჩამოყალიბების
და ფორმირების პროცესში მთავარი ხელისშემწყობებად თავად მშობლები უნდა წარმოგვიდგნენ.
თუ ლოკის სუფთა დაფის თეორიაზე დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ „ცარცის გამოყენება“
ასეთ დაფაზე ნამდვილად აღმზრდელებზე და გარემოზეა დამოკიდებული. ნაკლები მნიშვნელობა
აქვს, რას ვამბობთ. მთავარია, რას ვაკეთებთ. სწორედ ეს წარმოადგენს ბავშვისთვის
ცოცხალ მაგალითს.
დიმიტრი უზნაძის განმარტებით, ბავშვის განვითარება
ქცევაში ხდება. ვის ბაძავს ის საქციელით? რა თქმა უნდა, თავის სანიმუშო მოდელს. ვინ
არის სანიმუშო მოდელი? მშობელი ან მასწავლებელი ყველაზე ადრეულ ასაკში. ამიტომ აღზრდის
პროცესს ვიწყებთ საკუთარი ნაკლოვანებების დაძლევის გზით რომ მან ბავშვის ფსიქოლოგიამდე
არ ჩააღწიოს და შევძლოთ ჯანსაღი სულის მქონე პიროვნების აღზრდა.
აუცილებლად
უნდა გავამახვილოთ ყურადღება აღზრდის როლის სახელმწიფოებრივ ხასიათზე, რომელიც ჯერ
კიდევ მონათმფლობელურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა. აღზრდა რომ მიზანმიმართული პროცესია
და ამაში სახელმწიფოს ინტერესებია, ეს უდავოა. სახელმწიფოს ყოველთვის უჩნდება ლოგიკური
კითხვა როგორი პიროვნება სჭირდება მას აღსაზრდელად. შეკითხვის დასმა, მოთხოვნების ჩამოყალიბება
ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს ავიწყდება ის, რომ სასურველი შედეგის მისაღებად სასურველი გარემოს შექმნაა
მთავარი. საქართველოში უდიდესი პრობლემაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ოჯახებში.
ამიტომ ილუზია რომ სახელმწიფო მისთვის სასურველ პიროვნებას აღზრდის ამ პრობლემების
მოგვარების გარეშე შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს
ბუნჟუაზიული საზოგადოების განსაკუთრებული მონაპოვარი აღზრდის და განათლების
საყოველთაო აღიარება.
მსოფლიოში ტერმინი „აღზრდის მიზნის“ ნაცვლად დამკვიდრდა
ტერმინი „განათლების მიზანი“.განათლების სისტემა არის სასწავლო სააღმზრდელო დაწესებულებათა
ერთიანობა, აგებული სახელმწიფოს მიერ დადგენილ გარკვეულ პრინციპებზე. განათლების სისტემის
ხასიათი და მიმართულება განპირობებულია სახელმწიფოს საერთი მიზნებით და ამოცანებით.
აღსანიშნავია კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა (III-IV
საუკუნეები)
როგორც ვხედავთ, სკოლის ტიპის სასწავლებელებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ. თუმცა, სკოლის
არსებობა არ ნიშნავს განათლების ხარისხს და ამის ნათელი დადასტურებაა სწორედ ქართული
საგანმანათლებლო სისტემის დაღმასვლა.
პედაგოგიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადგილი უჭირავს
პლატონს, რომელიც ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე საუბრობს როგორიცაა აღზრდის არსის,
როლისა და მნიშვნელობის საკითხი, მისის სახელმწიფოებრივი ხასიათი, მისი მიზანი და ამოცანები,
აღზრდის ნაწილები გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საკითხები.
ის სასკოლო სისტემასაც მიმოიხილავს. პლატონი ადამიანის სულის სამ ნაწილს ასახელებს
გონებრივს, ნებითს და გრძნობადს. გონებრივ სულს შეესაბამება -სიბრძნე, ნებითს ვაჟკაცობა,
ხოლო გრძნობადს - ზომიერება. პლატონისთვის
აღზრდა საზოგადოებრივი მოვლენაა. მისი აზრით, აღზრდის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ
ასაკობრივი თავისებურებები. ასევე მან წამოაყენა ქალ-ვაჟთა თანაბარი აღზრდის იდეა.
პლატონისგან
განსხვავებით, არისტოტელე იდეათა და მოვლენათა
(ნივთთა) გაორებული სამყაროს ნაცვლად მის ერთიანობას აღიარებს. მას აღზრდა ესმის როგორც
საზოგადოებრივი ხასიათის კატეგორია. აღზრდა მისთვის ბავშვის ადამიანად გადაქცევის საშუალებაა.
ბავშვების აღზრდაში დიდ როლს ასრულებენ დაბადებისას მათზე თანდაყოლილი შესაძლებლობები.
ის აღზრდის საბოლოო მიზნად სულის უმაღლესი მხარეების-გონივრულის და ცხოველურის განვითარება-ჩამოყალიბებას
ცნობს. აღზრდის იდეალი კალოგაკატიის ცნებით აღინიშნებოდა. მან პირველმა მოგვცა ასაკობრივი
პერიოდიზაცია.
კომენსკის პედაგოგიკური იდეები მისი პედაგოგიკური
მოძღვრების საფუძველს წარმოადგენს. მისი მოღვაწეობისას იწყება ევროპაში კაპიტალიზმის
ერა. კომენსკიმ თავის „დიდ დიდაქტიკაში“ მოგვცა პედაგოგიკის თეორიული გაგების ცდა.
კომენსკის პანსოფოსს 3 გაგება აქვს 1. ყველაფრის მომწესრიგებელი თავისი გონებით.
2. თავის თავის ბატონი. 3. სიამოვნება ღვთისა. აქედან გამომდინარე, ის უნდა იყოს
1) გონივრული ქმნილება 2) სხვა ქმნილებათა მეუფე
3) ქმნილება, რომელიც არის განსახიერება და სიამოვნება თავის შემოქმედისა. ის
ამბობს, რომ ადამიანი რომ ადამიანი გახდეს მან უნდა მიიღოს განათლება. ბავშვთა 6 სახეობას
გამოყოფს მემკვიდრული და ბუნებრივი თავისებურებების მიხედვით 1. გონებამახვილი, ცოდნის
მოყვარული, დამყოლი. 2. გონებამახვილი, ცოდნის მოყვარული, ჯიუტი. 3. გონებამახვილი,
ზარმაცი და ჯიუტი 4. არაგონებამახვილი, მაგრამ ცოდნის მოყვარული და დამყოლი 5. არაგონებამახვილი,
ცოდნის მოყვარული და ჯიუტი. 6. არაგონებამახვილი, ზარმაცი და ჯიუტი. ის სკოლას ადამიანის
სახელოსნოდ მოიხსენიებს და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აღზრდის პროცესში. ასაკობრივი
თავისებურებები იყოფა ბავშვობად, ყრმობად, სიყმაწვილედ და მოწიფულობად.
ჯონ
ლოკი სუფთა დაფის თეორიას ავითარებს, რომლის მიხედვითაც შემეცნების წყარო ადამიანის
გრძნობათა ორგანოზე ობიექტური სინამდვილის
შემოქმედებაა. შეუძლებელია გონებაში ისეთი
რამე მოხდეს რაც შეგრძნებაში არ ყოფილა. ლოკისთვის პიროვნებაა ის, ვისაც თავისის საქმის გონივრულად და მომგებიანად წარმართვა შეუძლია. მისი
აღზრდის მიზნად წამოყენებულია საქმოსნის მომზადება. ჯენტლმენს, საქმოსანს და ქველმოქმედს
უნდა ჰქონდეს ლამაზი სული. უშინსკის თქმით კი აღზრდამ თუ მას სურს ადამიანის ბედნიერება,
უნდა აღზარდოს ის არა ბედნიერებისთვის, არამედ მოამზადოს ის შრომისთვის. უშინსკი მოითხოვდა
ქალისა და მამაკაცის განათლების მიღებას ერთნაირი უფლებით.
ამგავარად,
ამ თეორიების მოკლე მიმოხილვით შეიძლება ვთქვათ, რომ შეუძლებელია მხოლოდ ერთი მოაზროვნის
ან მეცნიერის მიდგომაზე განვმარტოთ პედაგოგიკის
მთავარი არსი. მრავალთა შესწავლით კონკრეტულ პიროვნებას 21-ე საუკუნეში ეძლევა საშუალება
თავად აირჩიოს ის, რაც მის სულთან ყველაზე ახლოსაა. გარემოსგანაც აიღოს ის, რაც მის
ინტეგრაციას მოახდენს საზოგადოებაში და განივითაროს ის მხარე, საითაც მიდრეკილია. საზოგადოებაში
არსებობენ ისეთი ადამიანები ვისაც ჰყოლიათ ცუდი აღმზრდელი, მაგრამ მათ საკუთარი პიროვნული
მახასითებლების განვითარება მაინც დადებითი გზით მოახერხეს. არის საკითხები, რის განვითარებასაც
შენში ვერ შეძლებენ. ნებელობითი პროცესები რაც ადამიანშია თუ წარიმართება დადებითი
გზით, შევძლებთ რომ მისგან მივიყოთ პიროვნება. ამისთვის ზუსტი ფორმულა მაინც არ არსებობს.
მაგრამ ბრძოლის ბერკეტად ყველაზე მეტად გამოდგება მაგალითი, ბევრი საუკეთესო მაგალითი
და დადებითი გარემო, სადაც პიროვნებას სხვა არაფერი დარჩენია თუ არა კარგი ქცევის ხელისშეწყობა
და მისი განვითარება. ეს შრომით და განათლებით მიიღწევა. ამიტომ თანამედროვე საზოგადოების წარმომადგენლები უნდა
დავფიქრდეთ იმაზე კი არა როგორ გადავაბაროთ სხვას საკუთარი შვილების აღზრდა, არამედ
იმაზე, როგორ მოვახერხოთ საკუთარ აღსაზრდელთან მეტი დროის გატარება ან ის დრო, რასაც
მასთან ვატარეთ, ეფექტურად გამოვიყენოთ მისი სულიერი და გონებრივი განვითარებისთვის,
საუბარი, ახსნა, სიტუაციური ანალიზი ცუდი და კარგი ქცევებისა ადამიანის გულს და გონებას
მჯერა, რომ გააკეთილშობილებს.ბავშვებს აღარ მოუნდებათ მხოლოდ ინტერნეტთან გაატარონ
თავისუფალი დრო, თუ ამას მათი მშობლები არ გააკეთებენ. რაც შეეხება სკოლას, მასწავლებელიც
უნდა იყოს მოდელი ბავშვისათვის და სანამ ამ რთულ პროფესიას აირჩევს, უნდა გააცნობიეროს,
რომ მასწავლებელს ჩვენს ქვეყანაში არ აქვს ისეთი დაფასება, როგორსაც იმსახურებს, მაგრამ
თუ მას ბავშვები უყვარს და მაინც ირჩევს ამ პროფესიას, თავისი სიყვარული აუცილებლად
უნდა ჩადოს მათში, ასწავლოს და მოამზადოს ისინი ურთულესი ცხოვრებისათვის.
Friday, November 18, 2016
გოგონა, მისია და საქმე
გოგონა სწავლობდა. მისი ცხოვრება მხოლოდ წიგნებში ამოკითხული
მრავალფეროვნებით იყო სავსე. ხან ფერიების ქვეყანაში მოგზაურობდა, ხან დეტექტიური მოთხრობების
გმირად წარმოიდგენდა თავს, ხანაც თავგადასავლების მაძიებლად, რომელსაც ბევრი მისია
ჰქონდა შესასრულებელი. ერთ მშვენიერ დღესაც გოგონა გაიზარდა და მიხვდა. ცხოვრების რაღაც
ეტაპი დამთავრდა, გააცნობიერა ერთფეროვანი ცხოვრების საშიშროება, იფიქრა, იფიქრა და
გადაწყვიტა თავისი სამშობლოს მისიონერად ქცეულიყო.
წავიდა მასწავლებლად
ერთ პატარა სოფელში, ასწავლიდა ბავშვებს და გრძნობდა, რომ ცხოვრება მარტო წიგნის მრავალფეროვნებებით
არ შემოიფარგლება, ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რეალური მრავალფეროვნებებია, რომელსაც
ადამიანი თავისი ქმედებით ქმნის. ზოგს მუსიკის მოსმენა, მზეზე მიფიცხება,გარუჯვა, ზამთრის
თბილ ბუხათან ჯდომა უფრო მოსწონს, მაგრამ საკუთარი თავისთვის იმის უკითხავად, რა სარგებლობა
მოაქვს სხვებისთვის. რისთვის იღებს ადამიანი ცოდნას? იმისთვის, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს,
საქმის კეთება ითაკილოს, თუ თავისი საქმე აკეთოს, ეძიოს რისი კეთება მოსწონს და უნდა.
გოგონა ასწავლიდა
თავის მოსწავლეებს, რომ უნდა ესწავლათ. გოგონას ქმედებით გაკვირვებულნი დარჩნენ ისინი,
ამპარტავებისგან გაბღენძილნი რომ დადიან. ჰმ, ქირქილებდნენ ამდენი ისწავლა და „ღრმა
სოფელში უბრალოდ ქართულს ასწავლის“.
მათი შემხედვარე
გოგონა მიხვდა, რომ უფრო მეტად უნდა დააფასოს
თავისი საქმიანობა,რადგან ეს კი არ არის უბრალო სოფელში უბრალო მასწავლებლობა ეს მისი
პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა. მეტად მიხვდა, რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს
ადამიანმა, რომ თქვას მივაღწიე. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მისთვის ფუფუნებაა უმნიშვნელოვანესი,
უბრალოდ, მცდელობაა საკუთარი თავის თვითდამკვიდრებისა.
პირველი ნაბიჯები მასწავლებლობისაკენ
ახლა შუაღამეა და სიბნელეში მოვკალათდი ნათელი ფერებით, რადგან ვაპირებ სასიამოვნოდ
ვწერო. საიდან შუაღამისას ნათელი ფერები? ჩემი
შინაგანი განწყობიდან, რომელიც მეუბნება რომ უნდა გიამბოთ, უნდა გაგიზიაროთ ყველაფერი
რაც ჩემს თავს ხდება. ყველაფერს ხომ თავისი დასაწყისი აქვს. დასაწყისს ამბის განვითარება
მოსდევს და გრძელდება, გვიამბობს დაუღალავად, რაც სურს რომ გვითხრას. ხან მთვარის შუქს
გახედავს, ხანაც საკუთარი ფერების ანარეკლს და საბოლოოდ ისევ განცდებს, ახალ გამოცდილებებს
და შთაბეჭდილებებს უბრუნდება.ალბათ მიხვდით, ეს
თეონა მასწავლებელია.(ანუ მე)
თეონა მასწავლებელი,
რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სრულიად ახალი და საინტერესო ცხოვრება დაიწყო.აზერბაიჯანულ
სკოლაში ქართულს ვასწავლი. გამოუცდელი, ახალბედა მასწავლებელი აღმოვჩნდი 15 სექტემბერს
პაწაწუნების წინ,რომლებიც იმედის თვალით შემომყურებდნენ. თან მერე როგორი უმანკო მზერა
აქვთ. ყველაზე სუფთა და ლამაზი სულის მქონე მტრედები თუ შოშიები, არ ვიცი რომელს შევადარო.
მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა გიმზერენ, როცა შენი სჯერათ, როცა უყვარდები, ეს რამხელა
სხივია ადამიანის ცხოვრებაში. რაოდენ თბილი და სიყვარულით გამთბარი მზე სახლდება ჩვენს
გულებში(სწორედ რომ ეს გამოსცემს ნათელ ფერებს)
რითი დავიწყე?
გამარჯობის სწავლებით არ დამიწყია. ჯერ გადავწყვიტე მათთვის სითბო და ჩემი მეგობრობა
შემეთავაზებინა. და იცით, ასე სწავლა გაცილებით იოლი აღმოჩნდა.ყურში მხოლოდ პრეზიდენტის
სიტყვები მიტრიალებდა „თქვენ იქ პატარა საქართველო ხართ“ განა ქართველებს მეგობრობა
გვეშლება? ქართველებმა სიყვარული არ ვიცით?
ჩემი საქართველოს
პატარა შვილები სწორედ ისინი არიან, ვისაც ქართულს ვასწავლი. მარტო ენას კი არა, ქართულ
ტრადიციებს, კულტურას. რომ არა პროგრამა „ ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ მეც
გამიჭირდებოდა გაგება რა არის საქართველოს ნამდვილი წარმატება. ჩემთვის წარმატებაა,
რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში თავად აზერბაიჯანელების
თანადგომას ვგრძნობ. რომ ეს ერთსულოვანი საქართველოს მყარი საძირკველია.
მაშინ როცა
პატარა ჯავიდს მე ვასწავლე „ცეკვა ქართული“, „სიმღერა ქართული“, მე ვათქმევინე ‘დედასავით
შევიყვარეთ, აი ია, აი ია’, ეს ჩემთვის სამუდამო კვალია ნათელი ფერებით. ის, რომ მასწავლებლები
ქართული ლექსიკონებით დააბიჯებენ დერეფნებში და მეკითხებიან ქართული ფრაზების მნიშვნელობებს
ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ის, რომ ღამეულ ბინდბუნდში მათზე წერა მომინდა, ერთგვარად
შედეგია ჩვენი ძლიერი კავშირისა. მე არ მინდა, რომ ეს სითბო ოდესმე დავკარგო, რასაც
ჩემს აზერბაიჯანულ ოჯახში ვგრძნობ. „ჰაგათი ჩემი მეორე დედაა“-იმიტომ რომ დედასავით
მიდგას მხარში. ნურც გაზვიადებულად მიიღებთ რამეს. ეს ჩემი ფერადი შთაბეჭდილებებია,
ყველაზე ღირებული, რაზეც ყველაზე დიდხანს დაუღალავად ვისაუბრებ...
https://www.youtube.com/watch?v=v1EX2ai-yJshttps://www.youtube.com/watch?v=v1EX2ai-yJs
Subscribe to:
Posts (Atom)